2008 წლის ომი, მშვიდობა და "ქართული ოცნების" მთავარი წინასაარჩევნო დაპირება - თემაზე პოლიტიკური დისკუსია გრძელდება. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გორში გაკეთებული განცხადება თავადვე განმარტა, პარტიები შეფასებებს აკეთებენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპონენტებმა მშვიდობა ღალატად შერაცხეს.
ოპოზიცია მმართველ ძალას დამაზიანებელ რიტორიკაში ადანაშაულებს. ოპოზიციის შეფასებითვე, ამასთან დაკავშირებით, საზოგადოება ხელისუფლებას პასუხს არჩევნებზე გასცემს.
"12 წლის განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილს არასოდეს უცდია ქართველი ხალხის გაერთიანება და შერიგება. ის მოითხოვდა, რომ ქართველმა ხალხმა, ქართულმა სახელმწიფომ მტრის წინაშე, ოკუპანტის წინაშე მოიხადოს ბოდიში. ამაზეც, დარწმუნებული ვარ, მტკიცე პასუხს, მიიღებს," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
შეფასებები გაკეთდა კოალიცია "ძლიერ საქართველოშიც."
"ის ხაზი, რომ თითქოს საქართველოა რამეში დამნაშავე, ეს არის რუსული ხაზი, რომელიც მუდმივად ცდილობს, საკუთარი სისხლისმღვრელი ომები სხვას გადააბრალოს. ამ პოზიციას აჟღერებს ივანიშვილი. ეს არის ის, რაც მან გაუბედა საქართველოს მოქალაქეებს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.