17 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
ცვლილებები საარჩევნო კოდექსში - საარჩევნო კომისიებს მხოლოდ ბარიერ გადალახული პარტიები დააკომპლექტებენ

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი იცვლება.

ინიციატივის მიხედვით, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის 15 დეპუტატს ეკუთვნის, საარჩევნო კომისიებს მხოლოდ ბარიერგადალახული პარტიები დააკომპლექტებენ, ან ის პარტიები, რომლებიც პარლამენტში ფრაქციის ფორმირებას შეძლებენ.

„ვიწყებთ დისკუსიას ამ თემებთან დაკავშირებით, შესაბამისად არის ღია, საჯარო ყველა განხილვა. მე მოვუწოდებ მათ, ვისაც რაღაც შენიშვნები აქვს ამ შენიშვნებთან დაკავშირებით აქტიური მონაწილეობა მიიღონ, იმიტომ, რომ მერე პოსტფაქტუმ არ იძახონ, რომ ჩვენ არ ვიცოდით,“-აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

დღეს მოქმედი წესით კი კომისიაში თითო წევრი ჰყავთ კვალიფიციურ პოლიტიკური პარტიებსაც, რომლებიც საარჩევნო ბარიერს მიღმა დარჩნენ, თუმცა სახელმწიფოსგან გარკვეულ დაფინანსებას იღებენ.

ოპოზიციის განმარტებით, ამ ცვლილებებით მმართველი პარტიას საკუთარ თავზე ირგებს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს.

„ყველა შემდგომი ცვლილება, რომელიც მოდის ქართული ოცნებიდან არის საკუთარ თავზე მორგება ყველა კანონმდებლობის და სრულიად არაადექვატური უპირატესობის მოპოვების მცდელობა. ერთი წევრი ჰყავდა და ახლა 4 ეყოლება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მათ შეუძლიათ დანარჩენი წევრების არსებობის შემთხვევაშიც კი თვითონ გადაწყვიტონ ნებისმიერი საკითხი. ეს არის მცდელობა იმისა, რომ მოირგონ კანონმდებლობა საკუთარ თავზე,“-აცხადებს ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი.

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებას აპროტესტებს სამოქალაქო სექტორიც. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრთა განცხადებით, ცვლილება ერთ კონკრეტულ პარტიაზე, მმართველ გუნდზეა მორგებული.

მათივე თქმით, ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ქართულ ოცნებას მიეცემა შესაძლებლობა ადმინისტრაცია სრულად  თავის წარმომადგენლებით დააკომპლექტოს.

„ისინი ცვლიან დაკომპლექტებას, თუმცა ცვლიან მიზანმიმართულად და ფრაგმენტულად. ეს ახდენს პოლიტიკური ნიშნით ძალთა გადანაცვლებას და გადაჯგუფებას, რაც რეალურად პრობლემის მოგვარება არ არის და ეს არის კონკრეტულად პარტიული ინტერესებით განპირობებული ცვლილება,“-აცხადებს საია-ს წარმომადგენელი ლელა ტალიური.

 

დღის ამბები