18 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
მთაწმინდის ფერდობზე ხანძარმა 2 ჰექტრამდე გამწვანებული ტერიტორია გაანადგურა

გუშინ თბილისის ცენტრში, 10 საათისთვის გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაცია მეხანძრეებმა მხოლოდ 3 საათის შემდეგ, ღამის პირველი საათისთვის შეძლეს. ცეცხლმა მთაწმინდის ფერდობზე 2 ჰექტრამდე გამწვანებული ტერიტორია გაანადგურა.
გოგებაშვილის ქუჩის მეორე ჩიხის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის მცირე კერა სწრაფად გავრცელდა. ცეცხლი მოკლე პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა და იყო საშიშროება, რომ ხანძარი საცხოვრებელ სახლებს გადაედებოდა. მოსახლეობას სახანძრო სამაშველო ჯგუფების მისვლამდე საკუთარი ძალით უწევდათ ხანძართან გამკლავება. ხანძრის მასშტაბის მიუხედავად, ღამით მოსახლეობის ევაკუაცია საჭირო არ გახდა.

ხანძარი ცეცხლის გაჩენიდან 1 საათში განსაკუთრებით გაძლიერდა, ცეცხლი უკვე მთაწმინდის პარკის მიმართულებით გავრცელდა და ე.წ. ეშმაკის ბორბალს უახლოვდებოდა. მთაწმინდის პარკის ტერიტორია დამსვენებლებმა ძლიერი დაკვამლიანების გამო, მალევე დატოვეს. ადგილზე ოპერაციაში 70 მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული. ისინი ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

სტიქიის ადგილზე შეუძლებელი იყო სახანძრო მანქანების მისვლა. რამ გამოიწვია ხანძარი, ამ ეტაპზე უცნობია.

გოგებაშვილის ქუჩაზე მივიდა ზალიკო უდუმაშვილიც, "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ის ფერდობი მოსახლეობასთან ერთად ფეხით გაიარა, სადაც ხანძრის ძირითადი კერა იყო. თბილისის მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, დედაქალაქის მთავრობის მუშაობა გააკრიტიკა.

ხანძრის გაჩენიდან მალევე ადგილზე ქალაქის მერი, მერობის კანდიდატი კახი კალაძე, თბილისის მთავრობის და საკრებულოს წევრები, გემგებლები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები მივიდნენ და ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებს აკვირდებოდნენ. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები