14-მა უცხოელმა ინვესტორმა, პროტესტის ნიშნად, აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე ბარები და კაფეები დახურა.
რადიკალური გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მერიამ მათ საფეხმავლო ქუჩაზე ღია ტერასების დემონტაჟი მოსთხოვა და სოლიდური ჯარიმით დაემუქრა.
აღმაშენებლის გამზირზე დილიდან 16 კაფე-ბარი, პროტესტის ნიშნად, დაიხურა, აქედან 14 ბარის მეპატრონე უცხოელი ინვესტორი იყო.
ბარების ხელმძღვანელებმა რამდენიმე დღის წინ გაფრთხილება მიიღეს, რომლის თანახმადაც, თუ დღეიდან მეპატრონეები მაგიდებსა და სკამებს ბარის წინ დაალაგებდნენ, 10000-ლარიან ჯარიმას მიიღებდნენ.
კაფეების მფლობელები ამბობენ, რომ მერიის გადაწყვეტილება მათთვის გაუგებარია, რადგან საფეხმავლო ქუჩაზე ღია კეფეების სტუმრები უცხოელი ტურისტები არიან, დღეს დილიდან კი ახალ ტიფლისში მისულ ტურისტების თითქმის ყველა ობიექტი დახურული ხვდებათ.
ასევე, ბარების მეპატრონეები ამბობენ, რომ მხოლოდ აღნიშნულმა 16-მა ბარმა მიიღო გაფრთხილება, ხოლო დანარჩენი ბარები დღეს ჩვეულებრივ აგრძელებენ გარე პერიმეტრზე მუშაობას.
საკითხზე კომენტარი გააკეთა უფლებადამცველმა ალექსანდრე ახალკაცმა, რომელიც შერჩევით სამართალზე მიუთითებს.
„საინტერესოა ის, რომ ამ 16 ბარიდან 90%-ის არის უცხოელი მეპატრონე. სავარაუდოდ, ლოგიკური დასკვნაა იმის, რომ ხდება არაპირდაპირი ზეწოლა უცხოელ ინვესტორებზე, კონკრეტულად ამ ქუჩაზე,“ - განაცხადა ალექსანდრე ახალკაცმა.
ბარების ამხანაგობის თავმჯდომარე, გივი დუჩიძე, განმარტავს, რომ გაფრთხილებ მხოლოდ იმ კაფე-ბარების მეპატრონეებმა მიიღეს, რომელთაც შესაბამისი პროცედურები არ დაუწყიათ მერიაში.
„ჩვენ დაგვიბარეს მერიაში და მოგვთხოვეს ამ საქმის მოწესრიგება. შემდეგ ეს პროცედურულად უნდა მომხდარიყო შეთანხება არქიტექტურის სამსახურთან, ვიზუალზე იქნებოდა მიღებული დასტური, შემდეგ გადამისამართდებოდა ქონების მართვაში და აიღებდა იჯარას. ვინც ეს ყველაფერი შეასრულა, ვიზუალი შეთანხმებული აქვს და ელოდება ქონების მართვის და იჯარის გაფორმებას უბრალოდ, მათ არ მიიღეს გაფრთხილება. ვინც არ შეათანხმა ვიზუალი არქიტექტურის სამსახურთან, იმათ მიიღეს გაფრთხილება,“ - განაცხადა გივი დუჩიძემ.