არასამთავრობო ორგანიზაციები, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარების საკითხს ეხმაურებიან.
სამოქალაქო სექტორი ხელისუფლების მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს და მომხდარის გამო საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, მწვავე რეაქციას ელოდებიან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საქართველოს ხელმძღვანელი ფაქტზე საუბრისას ცოტა ხნის წინ რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ იმ აუდიო ჩანაწერს იხსენებს, სადაც სავარაუდოდ საქართველოს შს მინისტრი ფიგურირებს და სადაც გიორგი მღებრიშვილი სააკაშვილის ექსტრადირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი საქართველოში ჩამოყვანა არ სურთ.
„ძალიან ხშირად ჩვენ ვხედავთ, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ადგილი აქვს შერჩევით მიდგომებს, მაშინ როდესაც მათ ოპონენტები არიან ჩართული კონკრეტულ საქმეში, ამ შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ეს გამოძიება არ სრულდება და წლების განმავლობაში გრძელდება, თითქოს იყენებს ხელისუფლება ამ ყველაფერს იმისთვის, რომ გარკვეული გავლენა მოახდინოს ამ კონკრეტულ პირებზე, მაგრამ როდესაც საქმე ეხება მაგალითად ისეთს საკითხს, რომელიც ჩვენ ვნახეთ შს მინისტრთან დაკავშირებით, როდესაც იგი ესაუბრება რუს პრანკერს, ამ შემთხვევაში გამოძიება არ დაწყებულა. ცხადია ეს არის ძალიან ცუდი, ცხადია ეს აგდებს ზოგადად ნდობას სამართალდამცავი ორგანოების მიმართ,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.
ხელისუფლების მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარეც. გიორგი მშვენიერაძე ფაქტს თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს.
„თავად ის ფაქტი, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში ააქტიურებს ხოლმე ე.წ. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თემას და ოპოზიციური პარტიის ლიდერებს და კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელს გარკვეული ინტენსივობით იბარებს დასაკითხად, ძალიან ცუდია რეპუტაციულად ხელისუფლებისთვის და ძალიან ცუდ ასახვას ჰპოვებს წინასაარჩევნო გარემოზე. მეორეს მხრივა აჩენს შეკითხვებს ის გარემოებაც, რომ მსგავსი წყაროებიდან გავრცელებულ ჩანაწერებზე თუკი ისინი შეეხება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ან კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელებს რეაგირებს და რეაგირებს ხშირ შემთხვევაში უსამართლოდაც, ხოლო თუკი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ამ ჩანაწერებში ხელისუფლების მოქმედება არის ნულოვანი,“-აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.