ბორჯომში ცეცხლის გაჩენიდან ერთი კვირის შემდეგ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
მიუხედავად ამისა მთელი ღამის განმავლობაში პრევენციისთვის ხეობაში მაინც იმყოფებოდა ცოცხალი ძალა და ტექნიკა.
დღის ბოლოს სოფელ დაბის ტერიტორიაზე მდებარე საგანგებო შტაბში შინაგან საქმეთა მინისტრმა თათბირი გამართა. შეხვედრას უწყების სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
შტაბის ინფორმაციით, ცეცხლის ლიკვიდირების მიუხედავად ბორჯომის ხეობაში ისევ რჩება დაახლოებით ათასი ადამიანი, მათ შორის მეხანძრე-მაშველები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენელები.
სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად დღეს საქართველოს დატოვებს სომხეთიდან ჩამოსული ცოცხალი ძალაც.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ საქმეზე ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს.
“ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია მიმდინარეობს ნიადაგის დამუშავება და ეს ცოცხალი ძალაც, რომელიც ახლა ზონაში რჩება, ის სპეცტექნიკაც იმიტომ რჩება, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი იმის რისკები, რომ სადმე რომელიმე კერამ გაიღვიძოს.
"საკმაოდ რთულად გამოსაძიებელი კატეგორიის საქმეებს განეკუთვნება, მაგრამ მიუხედავად ამისა საკმაოდ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, ინტენსიური გამოძიება მიმდინარეობს, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ნუ გავასწრებთ მოვლენებს,“-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.