ქართული მხარის მიერ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში რუსეთისთვის დახმარების თხოვნის ფაქტს, ექსპერტები ეხმაურებიან. "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე მომხდარს შეურაცხმყოფელს უწოდებს.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში, მაშინ როდესაც რუსეთს ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს, არის არასწორი ნაბიჯი.
„ხალხის მსხვერპლი არ ყოფილა და ეს არ იყო ასე ვთქვათ ეპიდემია, რომლის დროსაც უკვე ქვეყნის ბედი იქნებოდა დამოკიდებული და რომელ შემთხვევაშიც შეიძლებოდა იმაზე ფიქრი, რომ რუსეთისთვის გვეთხოვა დახმარება. დანარჩენ შემთხვევაში ამაზე ფიქრიც კი შეურაცხმყოფელია საქართველოსთვის. მოწინააღმდეგეს, მტერს, რომელსაც 20% აქვს ოკუპირებული მიხვიდე და სთხოვო, რომ დაგეხმაროს.
"შემდეგი ნაბიჯი ალბათ იქნებოდა, რომ რუსეთს ასევე ვთხოვოთ პოლიციის და ჯარის გადმოყვანა საქართველოში წესრიგის დამყარების მიზნით. თვითონ ის აზრიც კი რომ ვიღაცამ ჩვენს ხელისუფლებაში გაიფიქრა და მიმართა რუსეთს დახმარებაზე, იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერი ნორმალურად ვერ გვაქვს თავში,“-განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას ინფორმაციით, ქართველმა დიპლომატებმა რუსულ მხარეს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართეს. სკანდალური ინფორმაცია ზახაროვამ „კურიერთან“ ექსკლუზიურად დაადასტურა.
მარია ზახაროვა განმარტავს, რომ ქართული მხარისგან ბორჯომის ხეობაში სახანძრო სამუშაოებში ჩართვის თხოვნა მოსკოვში შვეიცარული დიპლომატიური ხაზის გავლით მიიღეს, რომელიც 2008 წლის შემდეგ ორ ქვეყნის დიპლომატებს შორის კომუნიკაციას ემსახურება.