ომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივა და ფაქტობრივი უარი ეუთო-ს მხრიდან საქართველოს პრემიერს - ასე აფასებენ მედია ექსპერტები გიორგი კვირიკაშვილის ადმინისტრაციაში საერთაშორისო ორგანიზაციისგან მიღებულ წერილს.
დოკუმენტში საუბარია, რომ ინიციატივა "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო დავასა და საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილ ვითარებას უკავშირდება.
საერთშორისო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მსგავსი ინსტიტუტის არსებობა კონსენსუსით უნდა გადაწყდეს.
წერილის მიღებიდან უკვე თითქმის სამი კვირა გავიდა, თუმცა აპირებს თუ არა მთავრობა ამ საკითხზე დისკუსიის დაწყებას ჯერ კიდევ უცნობია. ოფიციალური განცხადება ეუთო-ს რეკომენდაციაზე ამ დრომდე არ გაკეთებულა.
„ეუთო ამბობს, რომ ყველა ძირითადი მოთამაშე ვერ ხედავს ამის საჭიროებას და შიდა კონსენსუსის გარეშე, რაც არ უნდა მედია ომბუდსმენის იდეა კარგი იყოს, ის არარელევანტურია ამ ვითარებაში. ეს არის მათ ხედვა და აქედან გამომდინარე უნდა გამოიტანოს ხელისუფლებამ დასკვნები იმიტომ, რომ მედია ომბუდსმენის ფუნქცია, იმ მომენტში ევროსასამართლომ შეასრულა გარკვეულწილად იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას დაუდგა საქართველოში,“-განაცხადა მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, თამარ კინწურაშვილმა.