18 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
ქართული საფრენი აპარატები, რომლებსაც ტყის ხანძრების ჩასაქრობად არ იყენებენ - მათი ნაწილი ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის

საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს, 14 საფრენი აპარატი ჰყავს, რომელთა გამოყენება ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციებში შეიძლება.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საქართველო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ხანძარს ებრძოდა და მეგობარ ქვეყნებს ავიაციით დახმარებას სთხოვდა, 14 ქართული ვერტმფრენი ოპერაციაში არ ჩართულა. კერძო ავიაცია ავღანეთში სამაშველო მისიას ასრულებს და მისი მფლობელი ამისთვის მილიონებს იღებს.

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოებს ერთი მი-8 შეეწირა და სახელმწიფო ერთი სამაშველო ვერტმფრენის ამარა დარჩა. თუმცა, აბასთუმანის ტყეში გაჩენილ ხანძრის ჩაქრობას კიდევ ერთი ქართული შვეულმფრენი შეუერთდა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, კერძო პირს ეკუთვნის.

სამოქალაქო ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საფრენი აპარატები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის კომპანია ავიასერვისს ეკუთვნის, სამაშველო ფუნქციებითაც არის აღჭურვილი.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს საიტიდან ირკვევა, რომ კომპანია ავიასერვისს 8 რუსული და ერთი ულტრათანამედროვე ევროკოპტერი ჰყავს, აქედან 5 მათგანი მი-8 ტიპის ვერტმფრენია, ისეთი, რომლითაც ბოლო 10 დღეა, საქართველოში ხანძარს ებრძვიან. კომპანია ავიასერვისი ბიძინა ივანიშვილის ქართუ ჯგუფს ეკუთვნის.

ავიასერვისის დირექტორმა, ალეკო ტყემალაძემ, დაადასტურა, რომ ვერტმფრენები ჰუმანიტარული მისიისთვის აზიაში ჰყავთ გაგზავნილი.

ჰაბ ჯორჯიას დამფუძნებელი, ვასო ურუშაძე, აცხადებს, რომ მი-8 ტიპის კიდევ ერთი ვერტმფრენი ქართულ კომპანია აეროექსფედიშენს ჰყავს, რომელიც, მისი მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის ავისერვისის პარტნიორია.

ვასო ურუშაძისთვის ასევე გაუგებარია, რატომ არ ჩართო ხელისუფლებამ ოპერაციებში ცოტა ხნის წინ შეძენილი კიდევ ერთი ფრანგული ვერტმფრენი ევროკოპტერი, რომელსაც, მისი თქმით, ხანძრის ჩაქრობაში მონაწილების ფუნქციაც აქვს.

კიდევ 3 მი-8 ტიპის ვერტმფრენი ჰყავს საქართველოში ავიკომპანია თუშეთს, ისინი ფრენებს ქვეყნის შიგნით სხვადასხვა მიმართულებით ასრულებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები