18 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
თუ კლიმატური პირობები ხელს შეგვიწყობს, ალბათ, ძალიან მალე მოვახდენთ ცეცხლის ლოკალიზებას - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, განცხადებით, ამ დროისთვის აბასთუმანში არსებული ხანძრის ჩაქრობას ორი ქართული და სამი მეგობარი ქვეყნის ავიაცია ცდილობს.

განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 

პრემიერის თქმით, სტიქიის ზონაში მობილიზებულია 1000-ზე მეტი ცოცხალი ძალა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები ირანთან, რათა საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენის გამოგზავნა. 

გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ, თუ მეხანძრე-მაშველებს კლიმატური პირობები შეუწყობთ ხელს, ცეცხლის ლოკალიზება ძალიან მალე მოხდება. 

„მოგეხსენებათ, რომ აბასთუმნის მახლობლად შერეული ტყე იწვის. დღესდღეობით 1000-ზე მეტი ცოცხალი ძალაა ჩართული სტიქიის წინააღმდეგ ოპერაციაში. მუშაობს ასევე ავიაცია - სასაზღვრო ძალების ვერტმფრენი და ამ ეტაპზე კომპანია თუშეთის ვერტმფრენი ეხმარება მას. ასევე, უკვე ადგილზეა ორი თურქული ვერტმფრენი, ასევე უკრაინიდან თვითმფრინავი, ასევე აზერბაიჯანის ვერტმფრენი. რამდენადაც ვიცი, ირანთან მიდის მოლაპარაკება და, თუ არ ვცდები, უკვე ნებართვა არის და ისინიც დაემატებიან საჭიროების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, სტიქიას ძნელია, გაუკეთო მოვლენების განვითარებას პროგნოზირება, მაგრამ თუ კლიმატური პირობები პრინციპში ხელს შეგვიწყობს, ალბათ, ძალიან მალე მოვახდენთ ცეცხლის ლოკალიზებას და საბოლოოდ ჩავაქრობთ ცეცხლს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები