18 ნოემბერი 2024,   15:39
ვრცლად
კოხტას მთებში ცეცხლის დაახლოებით 8-9 კერაა - ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

კოხტას მთებში ცეცხლის დაახლოებით 8-9 კერაა. ამის შესახებ განცხადება, კახეთის სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა გააკეთა. დავით ხატიაშვილის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ვითარება რთულია, რადგან ცეცხლი ტყეს მიუვალ ადგილას უკიდია. სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ შემთხვევის ადგილამდე სპეციალური ტექნიკის მიყვანა შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია ტყეში გზის გაჭრაც.

„70 გრადუსიანზე მეტი დახრილობა აქვს, კლდოვანია ეს ფერდა და უჭირს ცოცხალ ძალას ადგილზე მუშაობა. ამიტომ, შს სამინისტრომ ჩამოიყვანა განსაკუთრებულ დავალებათა სამსახური. მობილიზებულები არიან და უკვე დაიწყეს მუშაობა. ვერტმფრენებმაც დაიწყეს მუშაობა. მოვიდა ორი ირანული ვერტმფრენი და ისინიც დაიწყებენ მუშაობას და მიდის ცეცხლის ლოკალიზება,“ - აცხადებს დავით ხატიაშვილი.

მეხანძრე მაშველებთან და სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ორი დღის განმავლობაში სოფელ ართანასთან გაჩენილი ხანძრის ქრობით სამუშაოებში მოხალისეებიც იყვნენ ჩართულნი, თუმცა მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოხალისეებს ხანძრის კერებთან მისვლა შეუზღუდეს.

უცნობია ხანძრის მასშტაბები. კოხტას მთებში ხანძრის ჩაქრობა უკვე მესამე დღეა ვერ ხერხდება. რთული რელიეფის გამო სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ცეცხლის ლოკალიზება გაჭირდეს. ხანძრის წინააღმდეგ ოპერაციაში დილიდან ჩართულია ავიაციაც.

ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ მიზეზად მეხის ჩამოვარდნა სახელდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები