19 სექტემბერი 2024,   19:11
ვრცლად
საქართველოს წითელი ჯვრის ჯგუფები მობილიზებული არიან საგანგებო სამსახურებისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად

საქართველოს წითელი ჯვრის ჯგუფები მობილიზებული არიან საგანგებო სამსახურების და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად. ამის შესახებ "წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარ მთვარის" საერთაშორისო ფედერაციის ევროპის ოფისის განცხადებაშია ნათქვამი.

"ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა საქართველოს წითელი ჯვრის ონისა და ამბროლაურის ფილიალების თანამშრომლები და მოხალისეები კვლავ მობილიზებული არიან შემთხვევის ადგილზე. მზადყოფნაშია: ონისა და ამბროლაურის პირველი დახმარების გუნდები, რომლებიც სასწრაფოსთან ერთად მოქმედებენ დაშავებულების დასახმარებლად.

ფსიქოსოციალური დახმარების გუნდი, რომელიც ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს დაზარალებულებს, თვითმხილველებსა და ადგილზე მყოფთ.

ოჯახური კავშირების აღდგენის გუნდი, რომელიც მუშაობს, როგორც დაკარგული, ისე მოძიებული პირების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე. ადგენს შესაბამის სიებს და აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის სტრუქტურებთან არსებული ინფორმაციის მოსაპოვებლად.

კატასტროფების მართვის გუნდი, რომელიც წითელ ჯვარში გადამწყვეტ როლს ასრულებს საგანგებო სიტუაციებსა და კატასტროფებზე ეფექტური რეაგირების საქმეში. მათი ამოცანები მოიცავს აქტივობების ფართო სპექტრს, რომელიც მიმართულია როგორც მზადყოფნაზე, ისე რეაგირებაზე.

საქართველოს წითელი ჯვარი მიმართავს ყველას, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია შოვში დაკარგულთა შესახებ და დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე : 032 2 501 105" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები