საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ირინა მილორავა, დღეს ლეიბორისტული პარტიის მიერ კომისიის წევრების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს პასუხობს. ის აცხადებს, რომ სემეკის წევრები აპოლიტიკურები არიან და საკუთარ საქმეს ობიექტურად აფასებენ.
ირინა მილორავა აცხადებს, რომ მას ესმის, რომ ტარიფის ცვლა მგრძნობიარე თემაა, რომელიც პოლიტიკოსებს უყვართ, თუმცა, კომისიას საკუთარი ვალდებულება აქვს შესასრულებელი.
„კომისია არის აპოლიტიკური ორგანიზაცია. კომისიის წევრებს ეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აქამდე ვადასტურებდით, რომ კომისია იყო ყოველთვის დამოუკიდებელი მის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მე ვფიქრობ, რომ, როდესაც კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება ხდება, ძალიან კონკრეტულები უნდა ვიყოთ ამ გადაწყვეტილებების შეფასებისას. თუ რაიმე არის კითხვის ნიშნის ქვეშ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ჩვენ ამაზე უკვე დროა, რომ ვისაუბროთ დოკუმენტურად, უკვე დროა, რომ ვისაუბროთ რიცხვებით, არგუმენტებით და არა ისეთი უსაფუძვლო ბრალდებებით, რომლებიც დღეს მოვისმინეთ. გასაგებია, ტარიფი არის ძალიან მგრძნობიარე თემა, გასაგებია, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თემა პოლიტიკოსებისთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმე, ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულება,“ - განაცხადა ირინა მილორავამ.
შეგახსენებთ, რომ ლეიბორისტული პარტიის წევრები კომისიას სხდომა ძალით შეაწყვეტინა და მისი განახლების საშუალებას 3 საათის განმავლობაში არ აძლევდა. ბოლოს პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო, რათა პარტიის ლიდერები სხდომათა დარბაზიდან გაეძევებინათ.